2026 წლის 25-31 მაისს გალობის უნივერსიტეტის პრორექტორი, ამავე უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი თამარ ჩხეიძე იმყოფებოდა რუმინეთში ქალაქ იაშში, სადაც მონაწილეობა მიიღო IX საერთაშორისო ფესტივალში “The Church as a Singing Family in the Christian Tradition”.
ფესტივალი საეკლესიო მუსიკის სფეროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმს წარმოადგენს და ყოველწლიურად აერთიანებს მკვლევრებს, მუსიკოსებსა და თეოლოგებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ღონისძიების ფარგლებში იმართება სამეცნიერო სესიები, მასტერკლასები და კონცერტები, რომლებიც ქრისტიანული მუსიკალური ტრადიციების კვლევასა და პოპულარიზაციას ემსახურება.
სამეცნიერო კონფერენციაზე პროფესორმა თამარ ჩხეიძემ წარადგინა მოხსენება „ვნების კვირის ჭრელი სტიქარონების მუსიკალური რიტორიკა ქართულ ლიტურგიკულ პრაქტიკაში”. ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი გახდა გალობის უნივერსიტეტსა და რუმინეთის ალექსანდრე კუზას სახელობის უნივერსიტეტს შორის სამომავლო პარტნიორობისა და აკადემიური თანამშრომლობის მიმართულებების განსაზღვრა. საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ქართული საეკლესიო გალობის უნიკალურობა და მისი მნიშვნელობა მსოფლიო კულტურულ და აკადემიურ სივრცეში, რაც ეროვნული მუსიკალური მემკვიდრეობის პოპულარიზაციისა და საერთაშორისო ცნობადობის ზრდის მნიშვნელოვანი საფუძველია.