კონტაქტი

საკონტაქტო ინფორმაცია

მეილი: vicerector@galoba.edu.ge

მკვლევრები

თამარ ჩხეიძე

თამარ ჩხეიძე არის მუსიკოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საეკლესიო მუსიკისა და მუსიკის თეორიის სპეციალისტი. იგი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის პროფესორია, სადაც ასევე ვიცე-რექტორის თანამდებობას იკავებს. მრავალი წლის განმავლობაში თ. ჩხეიძე იკვლევს ქართული გალობის ლიტურგიკულ, ისტორიულ და თეორიულ ასპექტებს, მათ შორის — ნევმური დამწერლობისა და მუსიკის თეორიის სხვა პრობლემატურ საკითხებს. მისი სამეცნიერო კვლევები მხარდაჭერილია DAAD-ის (2014) და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის (2021, 2023, 2025) მიერ.
იგი უძღვება მუსიკის თეორიისა და მუსიკალურ-ლიტურგიკულ დისციპლინებს და ხელმძღვანელობს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომებს. 2018 წელს მიწვეული ლექტორის სტატუსით ლექციებს კითხულობდა ლიუბეკის მუსიკის უმაღლეს სასწავლებელში (The Lübeck Musikhochschule), 2019 წელს — ლისტის მუსიკის აკადემიაში (The Liszt Academy of Music), 2026 წელის კი – ზაგრების მუსიკის აკადემიაში (University of Zagreb Academy of Music), სადაც ქართული ტრადიციული მუსიკის თეორიის საკითხებზე წაიკითხა ლექციები. რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში და ხელს უწყობს ქართული სამეცნიერო კვლევების საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში წარმოჩენას.
გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის — საერთაშორისო გამოცემებში. არის შემდეგი წიგნების ავტორი: ქართული გალობის „ჭრელები“ (2022); ქართული საეკლესიო მუსიკის თეორიული საფუძვლები (ლექციები, 2018); სამგალობლო ტერმინთა ელექტრონული ლექსიკონი (დ. შუღლიაშვილთან თანაავტორობით, 2015); ჰარმონიის ქრესთომათია (ი. ჟღენტთან და მ. ნადარეიშვილთან თანაავტორობით, 2023).
მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ სამეცნიერო პროექტში და არის აკადემიური კრებულების რედაქტორი და შემდგენელი.
✉ tamar.chkheidze@tsc.edu.ge  

მარიკა ნადარეიშვილი

მარიკა ნადარეიშვილი – მუსიკოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის თეორიის მიმართულების ხელმძღვანელი. იგი ასწავლის თეორიულ დისციპლინებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე და ხელმძღვანელობს სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.
მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს თანამედროვე და ადრეული მუსიკის თეორიას, კომპოზიციის ტექნიკას, მუსიკალური ფორმის, პოლიფონიის, ასევე მუსიკალურ ნოტაციას. მ. ნადარეიშვილი 50-მდე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციისა და ფუნდამენტურ თეორიულ დისციპლინებში რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორია, მათ შორის: ჰარმონიის ქრესტომათია (ი. ჟღენტთან და თ. ჩხეიძესთან თანაავტორობით, 2023), მუსიკალური ფორმის ანალიზი (დ. არუთუნოვ-ჯინჭარაძესთან თანაავტორობით, 2012), პოლიფონიის ისტორია (2008) და ოსტინატოს პრინციპის ფორმები და სახეები (ქართველ კომპოზიტორთა შემოქმედების მიხედვით) (1997).
მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციასა და აკადემიურ ფორუმში. სხვადასხვა წლებში მიწვეული ლექტორის სტატუსით ლექციებს კითხულობდა უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საერთაშორისო აკადემიურ ფორუმებზე (პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის ხელოვნების ინსტიტუტი, 2018; ლიეტუვის მუსიკისა და თეატრის აკადემია, 2022; ზაგრების უნივერსიტეტის მუსიკის აკადემია, 2026). აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო აკადემიურ თანამშრომლობასა და სამეცნიერო პროექტებში. მიღებული აქვს არაერთი კვლევითი გრანტი და სტიპენდია, მათ შორის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი (2023), DAAD-ის სტიპენდია (2012) და საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდია (1997–2000).
მ. ნადარეიშვილი აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო-საგამომცემლო საქმიანობაში. იგი არის სამეცნიერო წიგნებისა და აკადემიური გამოცემების რედაქტორი და რეცენზენტი. მისი პროფესიული საქმიანობა ასევე მოიცავს ახალგაზრდა მკვლევართა ხელმძღვანელობასა და კონსულტირებას და ქართული მუსიკოლოგიური კვლევების საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში წარმოჩენას.
✉ marika.nadareishvili@tsc.edu.ge

მონაზონი ნინო სამხარაძე

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დოქტორანტი (სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა „მუსიკოლოგიური კვლევები“). 2002 წლიდან დღემდე ცხოვრობს მცხეთის   სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტერში და გალობს მგალობელთა გუნდში. აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო სამუსიკისმცოდნეო კონფერენციებზე. მიღებული აქვს სტიპენდიები: პროფესორ მანანა ანდრიაძის (2014, 2015, 2016,), ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძეების (2016, 2022, 2023), დიმიტრი არაყიშვილის (2016-2017), ანზორ ერქომაიშვილის (2026). არის მე-6 საერთაშორისო სამუსიკისმცოდნეო კონფერენცია–კონკურისის გამარჯვებული ნომინაციაში „საუკეთესო პრეზენტაცია“ (2015). გადაეცა არტემ ერქომაიშვილის სახელობის პრემია ქართული გალობის მკვლევართა და შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსზე ნომინაციაში „საუკეთესო ახალგაზრდული სამეცნიერო პუბლიკაცია“ (2018).
2017 წლიდან არის რედ–კოლეგიის წევრი პერიოდული ჟურნალის „სამთავროს მაყვლოვანი“  (სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტრის პერიოდული გამოცემა), სადაც გამოქვეყნებული აქვს  სხვადასხვა ხასიათის 20-ზე მეტი სტატია.
2014-2018 წლებში კონსერვატორიის მგალობელთა სტუდენტური გუნდის წევრია.
საბაკალავრო ნაშრომში შეისწავლა სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტრის არქივში დაცული ფილიმონ კარბელაშვილის ხელნაწერი სანოტო კრებული და მის საფუძველზე მონასტრის ძველი სამგალობლო ტრადიცია;
მისი სამაგისტრო ნაშრომი ეძღვნება ვნების პარასკევის ცისკრის მსახურების პირველი ნაწილის მუსიკალური ციკლის, „შეხვეტილიანის“ – ქართული პასიონის კვლევას.
დისერტაციაში იკვლევს ვნების პარასკევის ცისკრის სრულ მსახურებას, შემადგენელი საგალობლების (96 ერთეული) მუსიკალურ-პოეტურ თავისებურებებს ზოგადქრისტიანული მართლმადიდებლური ტრადიციის კონტექსტში.

✉ nino.samkharadze@tsc.edu.ge