პროექტის შესახებ
პროექტი „ვნების კვირის საგალობლები ქართულ საეკლესიო ტრადიციაში“ (FR-22-7504) განხორციელდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტში 2023–2026 წლებში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო დაფინანსებით, ფონდის „ქართული გალობა“ მხარდაჭერით.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა კვლევა ვნების კვირის საგალობლების კომპლექსური კვლევა ქართულ საეკლესიო ტრადიციაში. კვლევა მოიცავდა ქართული ხელნაწერი და ნაბეჭდი ლიტურგიკული წყაროების მოძიებას, შესწავლასა და სისტემატიზაციას, საგალობლების ტექსტობრივი, ლიტურგიკული, ჰიმნოლოგიური და მუსიკალური მასალის ანალიზსა და სხვადასხვა წყაროში დაცული მონაცემების შედარებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ვნების კვირის ცალკეული დღეების საგალობლების ჟანრობრივ, ტექსტობრივ, მელოდიურ და რედაქციულ თავისებურებებს, აგრეთვე მათ ისტორიულ და ლიტურგიკულ კონტექსტს. კვლევის პროცესში ჩამოყალიბდა ინტერდისციპლინური მიდგომა, რომელიც მუსიკალური რიტორიკის თეორიის გამოყენებით აერთიანებს ტექსტის, ლიტურგიკული ფუნქციისა და მუსიკალური გამომსახველობის ანალიზს. პროექტის დასკვნით ეტაპზე კვლევის შედეგები სისტემატიზდა და მომზადდა შესაბამისი სამეცნიერო და ციფრული პროდუქტები, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე.
მიზნები და ამოცანები
წარმოდგენილი პროექტის მიზანია:
ქართული საგალობლების კვლევისას ახალი მეთოდოლოგიური მიდგომებისა და ინსტრუმენტების გამოყენება და პრაქტიკაში დამკვირდება, რაც განახორციელდება ქართულ საღვთისმსახურო პრაქტიკაში ისტორიულად ჩამოყალიბებული ვნების კვირის რიტუალურ–მუსიკალური ციკლის ფუნდამენტური ინტერდისციპლინური შესწავლის გზით.
ვნების კვირის საგალობლები X-XX საუკუნეეების ქართულ წერილობით ძეგლებში შემონახულია სამი განსხვავებული ნოტაცით: ნევმური, ვერბალური („ჭრელების სისტემა”) და ტრადიციული ხუთხაზიანი სანოტო სისტემით. კვლევამდე ვვარაუდობდით რომ საგალობელთა კორპუსი ითვლიდა 500-მდე საგალობლის ნიმუშის სხვადასხვა ვარიანტებს. კვლევის შედეგად მოძიებულ იქნა 1000 მდე ნიმუში. ვნების პარასკევის მსახურების საგალობელთა ვერბალური ტექსტების შემცველი ხელნაწერებიდან კვლევისათვის წინასწარ შერჩეულ იქნა 20-მდე ლიტურგიკული კრებული. აღნიშნული წყაროებიც სხვადასხვა პერიოდისაა (VII, IX-XII, XVII-XX). მათ საფუძველზე დაგეგმილი იყო კვლევის წარმართვა კულტუროლოგიურ–ისტორიული, ლიტურგიკული–სახისმეტყველებითი, მუსიკოლოგიური ასპექტებით, რაც საშუალებას მოგვცემდა: დაგვედგინა ვნების კვირის რიტუალის ფორმირების პროცესი, გამოგვერკვია საგალობელთა ჟანრული სისტემა, ციკლის მუსიკალურ–დრამატურგიული და კომპოზიციური პრინციპები, საგალობელთა მუსიკალური რიტორიკა და შეგვესწავლა/გაგვეშიფრა დამწერლობის მეთოდები.
პროექტის მიზნიდან გამომდინარე განისაზღვრა სამი ეტაპი, ყოველ ეტაპზე გადასაჭრელი ამოცანებით. თითოეულ ეტაპზე განსაზღვრული ამოცანის შესრულება კვლევის მომდევნო ეტაპის წინაპირობას წარმოადგენდა:
ეტაპი I – ქართულ ტრადიციაში ვნების კვირის ლიტურგიკულ–მუსიკალური ციკლის შესწავლა ისტორიულ ჭრილში და ამ ციკლის საგალობელთა მუსიკალური ნიმუშების (ნოტირებული, ნევმირებული და ჭრელებით განმარტებული ვერსიების) კორპუსის სისტემატიზება.
ამ ეტაპზე ვნების კვირის რიტუალის ლიტურგიკულ–მუსიკალური ციკლის ფორმირების დინამიკა შესწავლილ იქნა საგალობელთა ვერბალური ტექსტების (VII, IX-XII სს. ლიტურგიკული წიგნებიდან) და სამი სხვადასხვა სამუსიკო დამწერლობით – ნოტირებული, ნევმირებული (X და XVIII-XIX) და “ჭრელებით” შესრულებული ქართული სამგალობლო ხელნაწერების (XVII-XX საუკუნეების) საფუძველზე. საქართველოს სხვადასხვა არქივებში დაცული ხელნაწერების და გამოცემული კრებულების შესწავლის საფუძველზე მოხდა საგალობლების თავმოყრა/დამატებით მოძიება, საგალობლების კორპუსის სრული აღწერა, საგალობელთა სისტემატიზაცია წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების – ჟანრის, ხმის, დამწერლობის მეთოდის, მუსიკალური სტილის, სამგალობლო სკოლის მიხედვით. აღნიშნულის საფუძველზე შეიქმნა საგალობელთა კორპუსის სისტემატიზირებული მონაცემთა ელ. ბაზა, რომელიც ინტეგრირებული სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე.
ამ ეტაპზე მიღებულმა შედეგმა შექმნა საფუძველი ვნების კვირის ციკლის ნოტირებული საგალობლების შინაარსობრივი და სტრუქტურული ანალიზისთვის, ასევე აქ წარმოდგენილი არატრადიციული სამუსიკო დამწერლობის სისტემის შესწავლა–გაშიფრისთვის, რაც დაგეგმილი იყო კვლევის მეორე ეტაპზე.
ეტაპი 2 – ვნების კვირის ნოტირებული საგალობლების შინაარსობრივ–დრამატურგიული და კომპოზიციური ასპექტით შესწავლა და არატრადიციული „ჭრელი” სამუსიკო დამწერლობის პრინციპების შესწავლა–გაშიფრვა.
ამ ეტაპზე ვნების კვირის საგალობელთა კორპუსის სისტემატიზებული ელ. ბაზიდან მოხდა ნოტირებული საგალობლების ამოკრეფა. განხორციელდება ვნების კვირის ციკლის საგალობელთა სახისმეტყველებითი და მუსიკალურ–თეორიული ასპექტებით ინტერდისციპლინური კვლევა. მოხდა სიტყვიერ ტექსტში სტერეოტიპული ფორმულების და სახე–სიმბოლოების გამოყოფა, მათი მუსიკალური გარდასახვის თავისებურებების კვლევა საგალობელთა ინტონაციური აგებულების, ჰარმონიული სტრუქტურებისა და პოლიფონიური კანონზომიერებების შესწავლის გზით. ეს აქტივობები ემსახურებოდა ამ ეტაპის ერთ–ერთი მთავარი ამოცანის შესრულებას – ვნების კვირის საგალობლებში რიტორიკული შინაარსის დადგენას და ტიპური მუსიკალური მოდელების გამოვლენას. გამოვლენილი ტიპური მუსიკალური მოდელების გამოყენებით განხორციელდა „ჭრელი” საგალობლების არატრადიციული (ჭრელი–ვერბალური) დამწერლობის სისტემების კანონზომიერებების შესწავლა/გაშიფრვა. ინტერდისციპლინური ასპექტით ჩატარებული ანალიზის შედეგების საფუძველზე, კვლევის მესამე ეტაპზე დაგეგმილი იყოდ სინთეზი, მონაცემების შემაჯამებელი განზოგადება – ციკლის აგებულების ლოგიკისა და მთლიანობის პრინციპების გამოვლენის მიზნით.
ეტაპი 3 – ვნების კვირის მუსიკალურ–ლიტურგიკული ციკლის აგებულების ლოგიკის და მთლიანობის პრინციპების გამოვლენა.
ამ ეტაპზე აგეგმილი იყო ორენოვანი (ქართულ–ინგლისური) მონოგრაფიის მომზადდება ელექტრონული სახით, რომელიც გააერთიანებდა სამივე ეტაპზე ჩატარებული კვლევის შედეგებს. როგორ დაგეგმილი იყო მონოგრაფიის სტრუქტურა შესატყვისობაშია ჩატარებული კვლევის ეტაპებთან. მასში წარმოდგენილია ა) ვნების კვირის მუსიკალურ–ლიტურგიკული ციკლის ჩამოყალიბების ისტორიული ასპექტები; ბ) ვნების კვირის საგალობლების მუსიკალურ–დრამატურგიული და კომპოზიციური პრინციპები, მუსიკალურ–რიტორიკული ასპექტები; გ) ვნების კვირის ციკლის გამთლიანების ლოგიკა და მექანიზმები. გამოკვლევას ახლავს დანართები და სქემები, საგალობელთა საგალობელთა კორპუსის სისტემატიზირებული მონაცემთა ელ. ბაზით. მონოგრაფიის ელ. ვერსია განთავსდა წინამდებარე ვებ-გვერდზე თავისუფალ წვდომაში.
კვლევის შედეგები
- კვლევამ აჩვენა, რომ ვნების კვირის ქართული საგალობო რეპერტუარი არ წარმოადგენს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი საგალობლების უბრალო ქრონოლოგიურ ერთობლიობას. იგი მრავალდონიან, ისტორიულად ჩამოყალიბებულ ერთიან მუსიკალურ-ლიტურგიკულ ციკლს ქმნის.
- გამოვლინდა ვნების კვირის ლიტურგიკულ-საგალობო სისტემის ისტორიული განვითარების რამდენიმე ძირითადი ეტაპი – ადრეული იერუსალიმური პრაქტიკიდან და უძველესი იადგარიდან დიდ იადგარამდე, გიორგი მთაწმინდელის რედაქციამდე, საბაწმიდურ ტრადიციამდე და ანტონ კათალიკოსის მარხვანამდე. კვლევამ ცხადყო, რომ მოგვიანებით ჩამოყალიბებული რედაქციები წინა ეპოქების მასალას სრულად არ ანაცვლებს, არამედ მასთან ურთიერთქმედებით ქმნის მრავალშრიან ტრადიციას.
- განსაკუთრებულად გამოიკვეთა მარხვანის გიორგი მთაწმინდელის რედაქციების მნიშვნელობა.
- ვნების კვირის იბაკოების შესწავლამ აჩვენა, რომ ქართულ ტრადიციაში წარმოდგენილი 7 იბაკო რამდენიმე მელოდიურ მოდელზეა დაფუძნებული, რომელთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ედემის“ მოდელი. ეს მონაცემები მიუთითებს როგორც კონსტანტინეპოლური და პალესტინურ-სინაური ტრადიციების ურთიერთქმედებაზე, ისე მათ ქართულ საეკლესიო პრაქტიკაში შემოქმედებით ადაპტაციაზე.
- ანდრია კრიტელის სამსაგალობლების კვლევამ გამოავლინა მათი მნიშვნელოვანი ადგილი დიდი მარხვისა და ვნების კვირის ჰიმნოგრაფიულ სისტემაში. მუსიკალურმა ანალიზმა აჩვენა, რომ სხვადასხვა საგალობელში მელოდიური მოდელები ფუნქციურად განსხვავებულად ორგანიზებულ რეციტაციულ და მელიზმურ მონაკვეთებს აერთიანებს, რაც ტექსტის სემანტიკურ და დრამატურგიულ განვითარებას უწყობს ხელს. ძველი და ახალი რედაქციების შედარებამ გამოავლინა ტექსტისა და მელოდიის ურთიერთმიმართების რამდენიმე ტიპი. კერძოდ, ტექსტობრივი ცვლილება ყოველთვის არ იწვევს მელოდიის შეცვლას: რიგ შემთხვევებში ახალი თარგმანის ან ტექსტობრივი რედაქციის პირობებში შენარჩუნებულია იგივე კილო და მელოდიური მოდელი. ამგვარად, გამოიკვეთა მუსიკალური მეხსიერების განსაკუთრებული მდგრადობა, რომლის საშუალებითაც ტრადიციის უწყვეტობა შესაძლებელია ტექსტობრივი განახლების პირობებშიც.
- „სიძის მსახურების” სამი დღის საგალობლების შესწავლამ აჩვენა მათი მკაფიო თემატური, ლიტურგიკული და მუსიკალური ერთიანობა. საერთო მელოდიური საფუძვლები და განმეორებადი გამომსახველობითი საშუალებები აერთიანებს ცალკეულ დღეებს ერთ დრამატურგიულ ციკლად. მელიზმური გაფართოებები ხშირად დაკავშირებულია ტექსტის სემანტიკურად და დოქტრინულად მნიშვნელოვან სიტყვებთან და, შესაბამისად, მხოლოდ ორნამენტულ ფუნქციას არ ასრულებს.
- დიდი ხუთშაბათის კანონის კვლევამ წარმოაჩინა მელოდიური მოდელების ფუნქციონირების ფართო სისტემა, რომლის ფარგლებშიც ერთი და იგივე მელოდიური საფუძველი სხვადასხვა ტექსტსა და ლიტურგიკულ კონტექსტში გამოიყენება. ამგვარი ურთიერთკავშირები ხელს უწყობს დიდი ხუთშაბათის, დიდი პარასკევისა და დიდი შაბათის საგალობლების მუსიკალურ და შინაარსობრივ ერთიანობას.
- დიდი პარასკევის ცისკრის „შეხვეტილიანის“ ანალიზმა გამოავლინა მისი განსაკუთრებული დრამატურგიული ფუნქცია. საგალობლის სტრუქტურების გამეორებები, მელოდიური ვარიანტები და მრავალფეროვანი მუსიკალური საშუალებები, რომლებიც თორმეტი სახარების კითხვის ირგვლივ ერთიანდება, ქმნის ვნების კვირის უმნიშვნელოვანეს დრამატურგიულ ცენტრს.
- კვლევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შედეგად შეიძლება ჩაითვალოს მუსიკალურ-რიტორიკული ანალიზის მეთოდოლოგიური მოდელის შემუშავება. კვლევამ აჩვენა, რომ ქართულ საეკლესიო საგალობელში რიტორიკული გამომსახველობა წარმოიქმნება ტექსტისა და მუსიკის ორგანული ურთიერთქმედებით. რეციტაციული მონაკვეთები ხშირად უზრუნველყოფს აზრის სემანტიკურ გამოკვეთას, ხოლო მელიზმური განვითარება ქმნის ემოციურ და კონტემპლაციურ გაფართოებას. მათი ურთიერთმონაცვლეობა და დაპირისპირება საგალობლის დრამატურგიული განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს.
- ამავე კონტექსტში გამოიკვეთა, რომ ქართული მრავალხმიანობის პირობებში მუსიკალურ-რიტორიკული მოქმედება მხოლოდ ტექსტის მატარებელ მთავარ ხმას არ უკავშირდება. მთელი პოლიფონიური ქსოვილი მონაწილეობს სემანტიკური მნიშვნელობის გამოკვეთაში, ემოციური ინტენსიფიკაციისა და დრამატურგიული განვითარების შექმნაში.
- საერთო ანალიზმა აჩვენა, რომ ვნების კვირის ციკლის ერთიანობას რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული ფაქტორი განსაზღვრავს: ლიტურგიკული შინაარსი, ტექსტობრივი კავშირები, ჟანრობრივი ურთიერთმიმართებები, განმეორებადი მელოდიური მოდელები და ფორმულები, მუსიკალური მეხსიერება და მუსიკალურ-რიტორიკული ორგანიზაცია. შესაბამისად, ციკლის მთლიანობა მხოლოდ ლიტურგიკული კალენდრის თანმიმდევრობით არ განისაზღვრება – იგი მუსიკალურად და კომპოზიციურადაც არის ორგანიზებული.
- კვლევის შედეგები გაზიარებული იქნა 11 სამეცნიერო კონფერენციაზედა ასახულია 6 სამეცნიერო პუბლიკაციაში.
- კვლევის ძირითადი შედეგების საფუძველზე დასრულდა ვრცელი სამეცნიერო მონოგრაფია ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომელიც აერთიანებს კვლევის თეორიულ, ისტორიულ, ლიტურგიკულ და მუსიკალურ შედეგებს. ასევე შეიქმნა ვნების კვირის საგალობლების სისტემატიზებული ელექტრონული მონაცემთა ბაზა, რომელიც შემდგომი კვლევისათვის დამხმარე რესურსს წარმოადგენს.
დასკვნები
- კვლევამ დაადასტურა, რომ ვნების კვირის ქართული საგალობო რეპერტუარი მრავალსაუკუნოვანიისტორიული განვითარების შედეგად ჩამოყალიბებული რთული და მრავალდონიანი სისტემაა. მისიშესწავლა მოითხოვს ტექსტობრივი, ლიტურგიკული და მუსიკალური მონაცემების ერთობლივ განხილვას.
- გამოვლინდა, რომ სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში განხორციელებული ტექსტობრივი დარედაქციული ცვლილებები ყოველთვის არ იწვევდა მუსიკალური მასალის ცვლილებას. მელოდიური მოდელებისა და ფორმულების შენარჩუნება ქართული საეკლესიო ტრადიციის უწყვეტობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმად წარმოჩნდა.
- ანდრია კრიტელის, კოზმას იერუსალიმელისა და სხვა ჰიმნოგრაფიული ციკლების კვლევამ აჩვენა, რომ სხვადასხვა ავტორისა და ეპოქის მასალა საერთო მელოდიური და ლიტურგიკულიპრინციპებით შეიძლება იყოს დაკავშირებული. იბაკოების, სიძის მსახურების, დიდი ხუთშაბათისადა დიდი პარასკევის შესწავლამ კი ცხადყო, რომ ვნების კვირის სხვადასხვა მსახურებას შორის არსებობს მნიშვნელოვანი მუსიკალური და დრამატურგიული კავშირები.
- კვლევის ერთ-ერთ მთავარ შედეგს წარმოადგენს მუსიკალურ-რიტორიკული ანალიზისმეთოდოლოგიური განვითარება, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ქართული საეკლესიო მუსიკის სხვა ჟანრებისა და ლიტურგიკული ციკლების კვლევაშიც.